ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადაეცათ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადასცეს.

ქართული ენის სწავლების კურსი სადახლოსა და იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრებში 36 -მა აზერბაიჯანულენოვანმა მოქალაქემ გაიარა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები 2015 წლიდან ტარდება. ქართული ენის უფასოდ შესწავლის კურსები სადახლოს, იორმუღანლოს, სართიჭალის, ყვარელწყალის, კაზრეთის, კაბალისა და ფოკას საზოგადოებრივ ცენტრებში 256 -მა მონაწილემ გაიარა.
სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერის შემცირებით, ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, ამასთანავე, შესაძლებლობა მისცეს მათ, სრულყოფილად ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით.

ქართული ენის უფასოდ შესწავლის კურსი 17 -დან 66 წლამდე ასაკის მსურველებმა გაიარეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ქართული ენის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას, რადგან საბუთს ისინი პოტენციურ დამსაქმებელთან ენის ფლობის დონის დადასტურების მიზნით წარადგენენ.

სწავლების საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი პრეტესტი, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი შეირჩა შესაბამისი სახელმძღვანელო, რომლითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები წარმართავდნენ მეცადინეობებს.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადაეცათ. ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქართული ენის სწავლების კურსები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობდა.