წალკის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა

ინგლისური ენის კლუბი ამჯერად ქალაქ წალკის საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა.
ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის სწავლებისათვის იუსტიციის სამინისტროს სოფლად არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. საზოგადოებრივ ცენტრში გახსნილი ინგლისური ენის კლუბები, რომლებსაც ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან, ისარგებლებენ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო- თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს − სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან.

ინგლისური ენის კლუბები უკვე მოქმედებს ჩაქვის, დიდი ჯიხაიშისა და ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრებში. უახლოეს პერიოდში ინგლისური ენის შესწავლას კაბალისა და ვალეს ახალგაზრდებიც შეძლებენ.

6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი ტურისტულად აქტიური რაიონია.

წალკის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პრეზენტაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და ორგანიზაციის - „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში" − დირექტორი ზაზა ფურცელაძე დაესწრნენ.

ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინგლისური ენის კლუბების ორგანიზებისათვის საზოგადოებრივი ცენტრები მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. უმეტეს სოფლებსა და რაიონებში ცენტრები ყველაზე თანამედროვე შენობებია, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. იუსტიციის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" სერვისების გარდა, ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო პროგრამებსაც სთავაზობენ. საზოგადოებრივმა ცენტრებმა უკვე უმასპინძლეს ტრენინგებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, აგრეთვე, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის; დღეიდან კი აქ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის კლუბებიც ამოქმედდება, რაც ადგილობრივი სკოლების როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს ენის თანამედროვე მეთოდებით, მათ შორის, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ათვისების შესაძლებლობას მისცემს და ცოდნის მიღების პროცესს კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში" − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.